ქართული ოცნების წევრი, შალვა პაპუაშვილი ფიქრობს, რომ პარტიის გამარჯვება, დიდწილად, ირაკლი კობახიძის ორგანიზაციული ჩვევების დამსახურებაა. მისი თქმით, კობახიძის კანდიდატურა ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტზე "განსაკუთრებულად კარგია".
"დღევანდელი ყრილობა, საერთო ჯამში, საეტაპოა ქართული ოცნებისთვის. ავირჩევთ ახალ თავმჯდომარეს. ირაკლი კობახიძე არის განსაკუთრებულად კარგი კანდიდატი ამ პოსტზე, ვინაიდან, იცით, რომ მას ბოლო წლებში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართული ოცნების სტრუქტურულ, იდეოლოგიურ გაძლიერებაში. ის იყო საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ბოლო რამდენიმე არჩევნების განმავლობაში. შესაბამისად, დიდწილად მის ორგანიზაციულ ჩვევებს უკავშირდება ქართული ოცნების გამარჯვების მოპოვება". - თქვა მან.
დღეს, 16 იანვარს, ქართული ოცნების ყრილობა გაიმართება, სადაც პარტიის თავმჯდომარეს და პოლიტსაბჭოს წევრებს აირჩევენ. თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძეა წარდგენილი.
ეს თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 11 იანვარს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ტოვებს პარტია ქართულ ოცნებას და პოლიტიკიდანაც მიდის.
ირაკლი კობახიძე IX მოწვევის პარლამენტში თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.
2019 წლის 20 ივნისს რუსმა კომუნისტმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა, რასაც მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. ანტისაოკუპაციო აქციის პირველი მოთხოვნა ირაკლი კობახიძის გადადგომა იყო. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ 20 ივნისის აქცია ძალადობრივად დაშალა, კობახიძე თანამდებობიდან გადადგა.
რაც შეეხება პოლიტსაბჭოს წევრებს - მათ ვინაობას პარტიაში ჯერჯერობით არ ასახელებენ, თუმცა, ფორმულას ინფორმაციით, ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს წევრები, სხვებთან ერთად, ვასილ მაღლაფერიძე და ლაშა ნაცვლიშვილი იქნებიან. პოლიტსაბჭოს წევრები ასევე იქნებიან თეა წულუკიანი, გრიგოლ ლილუაშვილი, კახა კალაძე, არჩილ თალაკვაძე, მაია ცქიტიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, ეკატერინე ტიკარაძე, მამუკა მდინარაძე და სხვები, ჯამში 21 ადამიანი.